saqarTvelos vulkanebi - myinvarwveris vulkani

ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ქედი ხოხის ქედი
კოორდინატები 42°41`57` ჩ. გ. 44°31`06` ა. გ.
ტიპი სტრატოვულკანი (მძინარე)
პირველი ასვლა დაგლას ფრეშფილდი, ადოლფ უორბერტონ მური, ჩარლზ კომინზ ტაკერი, ფრანსუა დევუასუდი (1868)
უმარტივესი მარშრუტი თოვლ/ყინულით სვლა
ბოლო ამოფრქვევა ძვ. წ. 750 ± 50 წელი
სიმაღლე 5054 მ

 

სინონიმი: მწვერვალი ყაზბეგი.

მწვერვალი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 5047 მ, წარმოშობა ვულკანური, აღმართულია საქართველოს სამხედრო გზის გვერდით. მის ფერდობებზე სუბალპური მდელოებია, ზემოთ – მარადიული თოვლი. აქედან ეშვება მყინვარები: სუათისი, მნა, ორწვერი, დევდარაკი და სხვა, რომელთა საერთო ფართობია 135 კვ. კმ. ერთ-ერთი მყინვარიდან სათავეს იღებს მდინარე თერგი. მთას აქვს ორმაგი კონუსის ფორმა, რომლის ძირი 1770 მ-ზეა.

მყინვარწვერი ალპინიზმისა და ტურიზმის რაიონია. მასზე პირველი ასვლა განახორციელეს ინგლისელებმა დუგლას ფრეშფილდმა, ადოლფ მურმა და ჩარლზ ტაკერმა 1868 წელს. მყინვარწვერის კალთაზე, გერგეტის მყინვარის მხრიდან ზღვის დონიდან 3680 მ სიმაღლეზე მდებარეობს მეტეოროლოგიური სადგური, რომლის ნაწილი ალპინისტთა თავშესაფრად არის მოწყობილი.

იოანე ბატონიშვილი, თავის ენციკლოპედიურ თხზულება კალმასობაში („ხუმარსწავლი“ 1813-1830) (გვ. 541), წერს: იოსებ მოხევე, მღვდელი, ესე იყო ფრიად სიწმინდის მოყვარე და მემარხულე, რომელ ყოველგან განითქვა სათნოება ამისი. ესე ნებითა ღვთისათა აღვიდა მყინვარის მთასა შინა, კაცთაგან შეუვალსა და იხილა მუნ კარავი და აკვანი აბრაამისა მამამთავრისა, რომელ ჯერეთსცა არვინ აღსრულარს მთასა მას, და მოართო მეფისა ირაკლის ნაჭერი კარავისა მის. და ესეცა მიიწია საზომსა სასწაულთ-მოქმედებისასა და ესრეთ უფლისად დაიძინა.

მყინვარწვერთან დაკავშირებულია ბევრი ძველი ლეგენდა. დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე 80 მეტრიანი კლდოვანი კედლის შიგნით მდებარეობს ბეთლემის გამოქვაბული. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ეს მონასტერი წარმოადგენდა საეკლესიო სიწმინდეების და განძის საცავს, სადაც ბერები ჯაჭვის კიბეებით ადიოდნენ. მონასტერთან დაკავშირებული კიდევ ერთი ლეგენდა პოეტურად აქვს აღწერილი ილია ჭავჭავაძეს. სხვა ლეგენდის მიხედვით, მყინვარწვერზე იყო მიჯაჭვული პრომეთე. დარიალის ხეობის მთავარი მშვენება და სიმბოლოა წმინდა სამების მონასტერი, სადაც ერთ დროს ინახებოდა წმინდა ნინოს ჯვარი. მონასტერი მდებარეობს მყინვარწვერის ფონზე, პირდაპირ დაბა სტეფანწმინდის თავზე, ხოლო ზღვის დონიდან 3900 მეტრის სიმაღლეზე დგას თანამედროვე პატარა ეკლესია.

მყინვარწვერს ოსურად „ჩრისტიწუფი“ ანუ „ურსხოხი“ ეწოდება.

2019 წლის 24-28 მაისს კავკასიის სკიტურინგის ქსელის ორგანიზებით მოეწყო ექსპედიცია მთა მყინვარწვერის ზუსტი სიმაღლის დასადგენად. 2019 წლის 27 მაისს ექსპედიციის წევრებმა აიტანეს GPS მიმღები მწვერვალზე და განახოციელეს აზომვითი სამუშაოები. აზომვები ჩატარდა WGS 84 საკოორდინატო სისტემაში. აზომვის სიზუსტე შეადგენს 5 მილიმეტრს. მთა მყინვარწვერის სიმაღლემ 2019 წლის 27 მაისს 12:22 თბილისის დროით შეადგინა 5053.927 მეტრი.